თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჰყვებიან, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას აპირებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტები ამბობენ, რომ თავდამსხმელები "კობახიძის მიყვანილი ხალხი" იყო.
"აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ მანამდე იყო მოძველბიჭო ელემენტები, საქმეებს არჩევდნენ, უნივერსიტეტში საქმეებს გვირჩევდნენ პირდაპირ, მერე გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ არის, მერე მოდის, რომ გვცემეს და მერე გამოგვათრიეს. ესენი სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
10 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. სტუდენტებმა პროტესტი მაშინ გამოხატეს, როცა კობახიძე უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა.
კობახიძის მიმართ პროტესტი სტუდენტებს აქამდეც გამოუხატავთ - მათ უნივერსიტეტში აქცია/პერფორმანსები მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვები დაიწყო. ირაკლი კობახიძე კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.
11 მარტს მათ აქცია გამართეს კობახიძის აუდიტორიასთან, თუმცა იმ დღეს მისი ლექცია არ ჩატარდა, რადგან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა, სტუდენტებმა ლექციის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეს.